15/06/2026
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი თბილისში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.
სულხან თამაზაშვილმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისგან დანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა კინოლოგიური სამმართველოს ინფრასტრუქტურა, მათ შორის სასამსახურე ძაღლების განთავსების პირობები და ძაღლების წვრთნის პროცესს დაესწრო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.
12/06/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი - ოლივიე კურტო ეწვია.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ელჩს სასაზღვრო პოლიციის ამოცანებზე, სახელმწიფო საზღვარზე არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს და, ამ კონტექსტში, სანაპირო დაცვის როლს.
საფრანგეთის ელჩი ასევე ესტუმრა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს სადაც, ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო.
11/06/2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს (JMOC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა (NATO CORE TEAM) და SNGP-ის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის (MSI) ექსპერტთა ჯგუფი ესტუმრა.
დელეგაციის წევრებმა ვიზიტი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის მონახულებით დაიწყეს. საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ბადრი შენგელიამ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა სანაპირო დაცვის, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა იური ფირცხალაიშვილმა სტუმრებს ფოთის ბაზაზე არსებული საინჟინრო-სარემონტო ინფრასტრუქტურა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კუთვნილი ხომალდები და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობა დაათვალიერებინა.
09/06/2026
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრში დაგეგმილ „კონტროლის (აბორდაჟის) ჯგუფის სწავლებაში" მიიღეს მონაწილეობა.
კურსი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სწავლებისგან და მისი მიზანი იყო სანაპირო დაცვის თანამშრომლების ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეების არსებული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლების ბოლოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.